ქართული რეალობა არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა მიმართ სასტიკი და დაუნდობელია. მხოლოდ ხმამაღლა გამოხატული ზიზღი და აგრესია არ აკმაყოფილებს.
მისი არაჰუმანურობა ყოველგვარ ადამიანურ საზღვარს სცდება და მარაზმის სახეს იღებს. საზოგადოება ბობოქრობს, ხშირად ღმერთის სახელით. თუმცა, ჯერ არც ერთ ქრისტიანულ რელიგიურ მოძღვრებაში არ ამომიკითხავს, ცხვირ-პირი გაუერთიანე ან მოკალი ცოდვილიო. სიძულვილით განმსჭვალული ხალხი სწორედ რელიგიურ მოტივს ირჩევს თავის გასამართლებლად. ქადაგება მამათმავლობის (ჰომოსექსუალიზმის) წინააღმდეგ ეკლესიაში Top Chart-შია. ეკლესიას და რელიგიას დიდი გავლენა აქვს ხალხზე და ეს ახალი ამბავი არ არის. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელს მოუხდა პოლიტიკაში აქტიურად ჩართული სასულიერო პირების “თავიდან მოშორება“ ქვეყნის პოლიტიკის სასიკეთოდ წარმართვისთვის (მიუხედავად ამისა, ის წმინდანად შერაცხეს). ნებისმიერი არასწორი განცხადება სასულიერო პირების მხრიდან თავისუფლად შეიძლება რელიგიური ექსტრემიზმის მიზეზი გახდეს. როდესაც ხალხს ღმერთთან შუამავალი ჰგონიხარ, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. ყოველი სიტყვა სწორად უნდა იყოს შერჩეული, ორაზროვნების გარეშე. აგრესიის თუნდაც უნებლიე დანერგვა სასიკეთოს არაფერს მოიტანს. თუმცა, მარტო ეკლესია ხომ არ არის დამნაშავე ჰომოსექსუალების ზიზღთან. აქვეა ქართული ტრადიციული სულისკვეთება, რომელიც 17 მაისს ნათლად დავინახეთ

17 მაისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ. ამ დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება მშვიდობიანი აქციები ჰომოფობიის წინააღმდეგ, მაგრამ უმეტესობა არამშვიდობიანად მთავრდება. საქართველოში ეს დღე ერის სირცხვილის დღედ უნდა გამოცხადდეს. 17 მაისს საქართველოში სამღვდელოება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, თბილისელი “კაი ბიჭები“, “ნაღდი ვაჟკაცები“ ერთად ირაზმებიან ჰომოსექსუალთა დასარბევად, უფრო ზუსტად, მათი ცხვირების დასანაყად. სამწუხაროა, მაგრამ ქართველი ვაჟკაცის სისხლის დუღილი ერთი უმწეო ჰომოსექსუალის უმოწყალოდ ცემით ცხრება. ჰომოფობიით შეპყრობილი საზოგადოება აპროტესტებს: “არ გვინდა ევროპელობა, არ გვინდა პროგრესული აზროვნება, ჩვენი ტრადიციები გვირჩევნია“, “არ მინდა შვილის სკოლაში გაშვება იმის შიშით, რომ ვინმე გათახსირებული აცდენსო“, “ადრე თუ იმაზე უნდა გენერვიულა, გოგო და ბიჭი ოთახში მარტო რას აკეთებენ, ახლა ძმაკაცები რომ გგონია, ისინი უფრო საეჭვოაო“. პირადად მე ჯერ არ მინახავს ჰომოსექსუალი, რომელიც რამეს აძალებდეს ვინმეს. არც ის მინახავს, სკოლის ასაკის მოზარდი შეეცდინოთ. პრინციპში, ასე რომც იყოს კიდეც, არასრულწლოვნის შეცდენა პედოფილია უფროა, რაც ნამდვილად კრიმინალია, სექსუალურ ორიენტაციას ვინღა ჩივის. პედოფილი ავადმყოფიაო, ბევრი ჰომოფობისგან მსმენია. ძალიან მაინტერესებს, რატომ პედოფილიაზე არ ნერვიულობენ ისე, როგორც ჰომოსექსუალებზე, რომლებსაც უბრალოდ იგივე სქესის ადამიანები იზიდავენ.

Comments

Post a Comment